სიახლე 
2021-07-06 14:00:00
6 ივლისიდან საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია იწყება
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. კონსტიტუციით აღიარეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი - უცვლელი ფორმა  დემოკრატიული რესპუბლიკაა. განისაზღვრა, რომ საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა კი ქართული.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია განამტკიცებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ადგენდა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყო როგორც სქესის, ისე პოლიტიკური,  სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებდა ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო იმ დროისათვის. კონსტიტუცია აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა - თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის   კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით და სწორედ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით -https://moneymuseum.nbg.gov.ge, ხოლო 9 ივლისიდან, ასევე - საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.


მონეტების მეტი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროდუქცია 2021 წლის 6 ივლისიდან 15 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად). მონეტის შეძენისას გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალი პროდუქციის  გამოსვლასთან დაკავშირებით, გაზრდილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ინტერნეტ-მაღაზიით შეძენილი პროდუქციის მიწოდების ვადა გაიზრდება 15 სამუშაო დღემდე.


ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით, ერთი სალაროდან გასაყიდი მონეტების რაოდენობა გათვლილია დღეში დაახლოებით 80 მომხმარებელზე. 




გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!