სიახლე 
2019-08-28 14:09:00
29 აგვისტოდან რაგბის მონეტების რეალიზაცია დაიწყება

2019 წლის შემოდგომაზე, 20 სექტემბრიდან – 2 ნოემბრამდე, იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა  ამ  მოვლენასთან დაკაშვირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს  რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული  მონეტების   დიზაინის თვალსაზრისით.

მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში,  ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო;  რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე,  „2019“  და  „5 ლარი“.

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის  საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები;  წარწერები „ლელო“, „LELO”, “Georgia”, “საქართველო“.

ლელობურთს ბევრი სპორტის ეროვნულ სახეობას უწოდებს და საქართველოში თანამედროვე რაგბის წინაპრად მიიჩნევს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი:
5 ლარი
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.5გრ
დიამეტრი: 42X28  მმ
ხარისხი:
პრუფი
გამოშვების წელი: 2019 წელი
მოჭრის რაოდენობა: 3000 ცალი
დიზაინერები: მამუკა გონგაძე და ნიტა გონგაძე
ზარაფხანა: ლიეტუვას ზარაფხანა

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 11 გრ
დიამეტრი: 30x20 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2019 წელი
მოჭრის რაოდენობა: 100 ცალი
დიზაინერები: მამუკა გონგაძე და ნიტა გონგაძე
ზარაფხანა: ლიეტუვას ზარაფხანა