სიახლე 
2019-10-01 12:04:43
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაცია

2019 წლის 31 დეკემბერს სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 100 წელი. 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“ კანონით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ბანკი, რომლის სამართალმემკვიდრეს დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოსა და შენობის სტილიზებული გამოსახულება, რომელშიც დღესდღეობით განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკი. ასევე, დატანილია წარწერები: „საქართველოს ეროვნული ბანკიდა „5 ₾“. მონეტა გაფორმებულია სვაროვსკის კრისტალით.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს შენობა, რომელშიც 1919 წელს დაფუძნდა და ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობა). მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო“,   „1919 . 2019“ ,  „Georgia”.

 

მონეტის ტექნიკური მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი 
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.5გრ 
დიამეტრი: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2019
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
დიზაინერები: ნიტა გონგაძე
ზარაფხანა: ლიეტუვი ზარაფხანა

 

მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით.

 

გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!