"ფარნავაზ I" ვერცხლის საკოლექციო მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
"საქართველოს მეფეების" საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის. სერია ხაზს უსვამს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი. აღნიშნული სერიის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა მეფე ფარნავაზ პირველის თემაზე ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტები. მათი დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.
ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ფარნავაზ I“, მისი მეფობის ეპოქა „ძვ.წ. IV-IIIსს“ და ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“ ფარნავაზ პირველის შესახებ: „ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“, რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.
რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი „5 ლარი“, ხოლო წრიულად - წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA”, „2023“..
| ნომინალი: | 5 ლარი |
| შემადგენლობა: | Ag 925 |
| წონა: | 17 გრ |
| დიამეტრი: | 34 მმ |
| წიბო: | გლუვი |
| ხარისხი: | პრუფი |
| გამოშვების წელი: | 2023 |
| ტირაჟი: | 4 500 |
| დიზაინერი: | ავერსი - მარიამ რუსიშვილი რევერსი - გენადი გეგელია |
| შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
| ზარაფხანა: | პოლონეთის
ზარაფხანა |