სიახლე 
2019-10-30 10:40:50
1 ნოემბრიდან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია დაიწყება

2019 წელს ევროპის საბჭო დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველო - ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ერთიანი ევროპის შექმნის იდეა 70 წელზე მეტს ითვლის. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვეყნების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო - შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც თავიდან აიცილებდა ტოტალიტარულ რეჟიმებს და უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვას.

დღეს ევროპის საბჭო 47 წევრ ქვეყანას აერთიანებს  და მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციას იმ საერთო პრინციპების საფუძველზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატია.

1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა და დაიბრუნა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი. საქართველოსთვის ამ, მეტად მნიშვნელოვან, მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელი. „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს  მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა დატანილი იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე, იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავების გვერდით, რომელთაც ერთიანი, მრავალფეროვანი ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მიუძღვნა.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც აერთიანებთ წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო,  მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა“; “Our Rights, Our Freedoms, Our Europe”;  „5 ლარი“. 

მონეტის რევერსიც ავერსის მსგავსად, გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: „საქართველო“; „Georgia”; “20” (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); “1999 2019”, ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, „I am Georgian, and therefore I am European”.

მონეტის ტექნიკური მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი 
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.5
დიამეტრი: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2019
მოჭრის რაოდენობა: 1500
დიზაინერები: ნიტა გონგაძე
ზარაფხანა: ლიეტუვი ზარაფხანა

 

მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბრიდან როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალი პროდუქციის  გამოსვლასთან დაკავშირებით, გაზრდილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ინტერნეტ-მაღაზიით  შეძენილი პროდუქციის მიწოდების ვადა დამატებით შესაძლოა გაიზარდოს.

იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა,  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,  პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს  არაუმეტეს ორი მონეტისა. მონეტის შეძენისას გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!