სიახლე 
2023-12-29 16:05:20
3-5 იანვარს სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

3-5 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

ასევე, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიაც. სებ-ის ყველა პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი დამთვალიერებლებს 2024 წლის 11 იანვარიდან უმასპინძლებს.