როგორ შემიძლია ვიყიდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ბანკნოტები/მონეტები და ნუმიზმატიკური პროდუქცია?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ბანკნოტების/მონეტების და  ნუმიზმატიკური ფასეულობის  შეძენა შესაძლებელია:

· საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში - თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17.00სთ-მდე;  შესვენება 13.00-14.00 სთ);

· საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში - ყვარელი, რუსთაველის ქ. 10 (ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00სთ-მდე; შესვენება 13.00-14.00 სთ);

· ინტერნეტ მაღაზიის - https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=8 მეშვეობით.



ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის ფასს ემატება რაიმე თანხა?

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, ფასს ემატება დაზღვევისა (შეძენილი პროდუქციის ფასის 0.4%) და მიწოდების თანხა (თბილისის ტერიტორიაზე 7 ლარის, ხოლო თბილისის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე 20 ლარის ოდენობით).



ინტერნეტ მაღაზიით რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შემიძლია ერთჯერადად შეკვეთით?

ინტერნეტ მაღაზიით შეკვეთის ერთჯერადად განთავსებით შესაძლებელია 5000 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა.



როგორ ხდება ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობა?


ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისათვის საჭიროა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე (https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=8) რეგისტრაციის გავლა და რეგისტრაციისას თქვენს მიერ  მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბმულის გააქტიურება.



შემიძლია თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ყიდვა უცხოური ბარათით?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის თანხის საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად  შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში ემიტირებული Visa, mastercard და American Express სისტემების საგადახდო ბარათების გამოყენება. გადახდის საშუალებად არ შეიძლება მიღებულ იქნას არაპერსონიფიცირებული და კომერციული (ბიზნეს, კორპორატიული) ტიპის ბარათები.

 

ხდება თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის მიწოდება საზღვარგარეთ?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.



შემიძლია ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიღება ნებისმიერ მისამართზე?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ ადგილებში, რომელიც მითითებულია ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე:

https://moneymuseum.nbg.gov.ge/uploads/gadazidva/001/geo_0001.pdf



შემიძლია თუ არა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით შეკვეთის განთავსება?


ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენა ხორციელდება მხოლოდ ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით.



რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ ჯერზე პროდუქციას ცალ-ცალკე რამოდენიმე შეკვეთის განთავსებით ვიყიდი?


იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ცალ-ცალკე, რამდენიმე შეკვეთად განათავსებთ,  მომხმარებელს მოუწევს თითოეულ შეკვეთაზე მიწოდებისა და დაზღვევის თანხის ცალ-ცალკე გადახდა.

 

როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ მსურს  ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას მითითებული  მისამართის ცვლილება?

შეკვეთის მიწოდება ხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე, შეკვეთის დასრულების შემდეგ მისამართის ცვლილება ვეღარ მოხდება.

 

სად შეიძლება მივიღო დეტალური ინფორმაცია გადაზიდვის ტარიფების შესახებ?


პირობებისა და გადაზიდვის ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე „ჩვენი მომსახურება“ https://moneymuseum.nbg.gov.ge/uploads/gadazidva/001/geo_0001.pdf

 

რამდენ ხანში მოხდება ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის მიწოდება?

 საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდან პროდუქციის შეკვეთისას მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ახალი სარეალიზაციო პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით გაზრდილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეკვეთის მიწოდების ვადა დამატებით შესაძლოა, გაიზარდოს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღემდე.

 

როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ  5 სამუშაო დღის განმავლობაში არ ვიმყოფები ჩემს მიერ ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას მითითებულ მისამართზე?

მომხმარებლის მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში, პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელია, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიზეზით დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება პროდუქციის ჩაბარება, ეროვნული ბანკი აუქმებს  მიღებულ შეკვეთას, მომხმარებელს უბრუნდება პროდუქციის ღირებულების თანხა, ხოლო ამ ქმედებებით გამოწვეული ყველა ხარჯის (მიწოდება, დაზვევა) ანაზღაურება მთლიანად დაეკისრება მომხმარებელს, რომელიც განხორციელდება საგადახდო ბარათზე დაბლოკილი თანხიდან.

 

შემიძლია თუ არა თავად მივაკითხო ჩემს შეკვეთას საკასო ცენტრში?

ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთის საკასო ცენტრიდან გატანა ხდება მხოლოდ გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლის მიერ იმავე ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

რა ხდება, თუ გადამზიდავმა კომპანიამ თავისი მიზეზით ვერ მოახერხა დადგენილ ვადებში შეკვეთის მოწოდება?

თუ პროდუქციის ადგილზე მიტანა არ მოხდა გადამზიდავი კომპანიის მიერ დადგენილ ვადაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ეროვნულ ბანკს. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის მიტანის დაგვიანების შემთხვევაში, მოითხოვოს არსებული შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება სრულად.

 

როგორ მოვიქცე, თუ ჩაბარებისას აღმოვაჩინე, რომ პროდუქცია დაზიანებულია?  

თუ მიმღები პირი, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით,  დალუქული პროდუქციის გახსნისას აღმოაჩენს, რომ პროდუქცია დაზიანებულია, უარს აცხადებს პროდუქციის ჩაბარებაზე და პროდუქციის მიუღებლობის მიზეზის მოკლე შინაარსს უთითებს ზედდებულზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ გრაფაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

პროდუქციის დეფექტის და/ან გარეგნული დაზიანების გამო მიუღებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავად შეამოწმებს დაბრუნებულ პროდუქციას და გონივრულ ვადაში, აცნობებს მომხმარებელს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ:

ა) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ეროვნული ბანკი მარაგში არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს იგივე დასახელების პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლზე. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაეკისრება განმეორებით მიწოდებისა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ამასთანავე იგივე დასახელების პროდუქციის მარაგი ამოწურულია, ასეთ შემთხვევაში პროდუქციის შეძენის ხარჯი, მათ შორის მის მიწოდებასა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, სრულად დაუბრუნდება მომხმარებელს და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება;

გ) ეროვნული ბანკი არ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ამ შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო პროდუქციის ადგილზე მიტანისა და დაზღვევის ხარჯების გადახდა დაეკისრება მომხმარებელს, რომლის ანაზღაურებაც განხორციელდება მომხმარებლის საგადახდო ბარათზე დაბლოკილი თანხიდან.

 

როგორ მოვიქცე, თუ მოგვიანებით  აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ უკვე მიღებული პროდუქცია დაზიანებულია?

თუ მიმღები პირი პროდუქციას ჩაიბარებს გადამზიდავთან ერთად ვიზუალური დათვალიერების გარეშე, მოაწერს ხელს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე და არ წამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება.

 

შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება?

საქართველოს ეროვნულ ბანკში შეძენილი საკოლექციო ან საინვესტიციო მონეტების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ნომინალური ღირებულებით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის  მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, რამდენ ხანში მოეხსნება ბლოკი თანხას?

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს მომსახურე ბანკს მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე დაჯავშნილი თანხიდან ბლოკის მოხსნის თაობაზე.

 


ხშირად დასმული კითხვები წინასწარ შეკვეთებთან დაკავშირებით

 

რას ნიშნავს წინასწარი შეკვეთა (პრე-ორდერი)?

წინასწარი შეკვეთა ნიშნავს კონკრეტული პროდუქციის გამოშვებამდე მომხმარებლის მიერ მის წინასწარ შეკვეთას. წინასწარი შეკვეთის მიზანია დაინტერესებულ პირთათვის გაიზარდოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ სარეალიზაციო პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა.

 

რა ინფორმაცია იქნება ცნობილი პროდუქციის შესახებ წინასწარი შეკვეთის განთავსების დროისთვის?

წინასწარი შეკვეთების მიღების დროისთვის, შესაკვეთი პროდუქციის შესახებ   გაცხადებული იქნება  პროდუქციის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები (წონა, შემადგენლობა, დიამეტრი), პირველადი ესკიზი და წინასწარ გადასახდელი თანხა.



შეიძლება, რომ პროდუქციის ვიზუალური მხარე განსხვავდებოდეს პირველადი ესკიზისგან?

მომხმარებლისათვის წინასწარი შეკვეთის მომენტში ცნობილი იქნება პროდუქციის  პირველადი ესკიზი, რომელიც წარმოების პროცესში, მისი ტექნიკური შესრულების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დაიხვეწოს და მცირედით განიცადოს ცვლილება.



როგორ განვათავსო წინასწარი შეკვეთა?


წინასწარი შეკვეთის განთავსებისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია/ავტორიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, სასურველი რაოდენობა და მიჰყვეთ შესაბამის ეტაპებს.

 

როგორ ხორციელდება პროდუქციის ღირებულების გადახდა წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში?


წინასწარი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებელმა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდის საშუალებით უნდა გადაიხადოს პროდუქციის ღირებულების ნაწილი ვებ-გვერდზე მითითებული თანხის ოდენობით პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ხოლო პროდუქციის ღირებულების დარჩენილ ნაწილს გადაიხდის პროდუქციის გამოსვლის შემდეგ,  იგივე პრინციპით ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.



როდის მეცოდინება პროდუქციის ტირაჟი?

პროდუქციის ტირაჟი ცნობილი გახდება პროდუქციის ოფიციალურად გამოშვებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით.

 

წინასწარი შეკვეთის განთავსებიდან დაახლოებით რამდენ ხანში მივიღებ პროდუქციას?

წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მოხდება პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, წინასწარ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მიერ გადახდის მეორე ეტაპის შესრულების პირობით.

 

წინასწარი შეკვეთის განთავსებიდან დაახლოებით რამდენ ხანში გამოვა პროდუქცია?

წინასწარი შეკვეთის განთავსებისას ცნობილი იქნება პროდუქციის გამოსვლის მხოლოდ სავარაუდო პერიოდი. კონკრეტული თარიღი საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით.

 

შესაძლებელი იქნება პროდუქციის შეძენა წინასწარი შეკვეთის განთავსების გარეშე?

დიახ, პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება იმ დაინტერესებულ პირთათვისაც, ვისაც არ ექნება განთავსებული წინასწარი შეკვეთა, რამდენადაც დამზადდება უფრო მეტი პროდუქცია, ვიდრე წინასწარ შეკვეთილი რაოდენობა იქნება. თუმცა, წინასწარი შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა პროდუქტის გარანტირებულად მიღების საშუალება.

 

შემიძლია თუ არა შევიძინო წინასწარ შეკვეთილ რაოდენობაზე მეტი პროდუქტი მისი გამოსვლის შემდეგ?

დიახ, რადგან მომხმარებელს არ ეზღუდება შეკვეთილზე მეტი ოდენობის პროდუქტის შეძენა მისი გამოსვლის შემდეგ.

 

შესაძლებელია თუა არა ერთი მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი შეკვეთის განხორციელება?

დიახ, ეს შესაძლებელია.

 

რა იქნება სარეალიზაციო პროდუქციის სრული ღირებულება?

პროდუქციის სარეალიზაციო ფასი ცნობილი გახდება მხოლოდ მისი ოფიციალურად გამოშვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი განცხადებით.

 

როგორ გამოითვლება პროდუქციის სარეალიზაციო ფასი?

პროდუქციის სარეალიზაციო ფასის გამოთვლაში მონაწილეობს შემდეგი კომპონენტები: პროდუქციის ნომინალი, პროდუქციის წარმოება-მოწოდება (მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ჩათვლით), ასევე  სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებისას ერთ-ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

 

რატომ არ შემიძლია პროდუქციის სრული ღირებულების წინასწარ გადახდა?

იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, გარდა ნომინალისა, პროდუქციის წარმოება-მოწოდებაზე გაწეული ხარჯისა, სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებისას ერთ - ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, სარეალიზაციო ფასის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ.

 

პროდუქციის სრული ღირებულების რა ნაწილს ვიხდი წინასწარ, შესაძლოა რომ სრული ღირებულება ორჯერ მეტად აღემატებოდეს წინასწარ გადახდილ თანხას?

შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხა არის პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 50%. პროდუქციის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესის დასრულების შემდგომ და გარდა ნომინალისა, იგი დამოკიდებულია პროდუქციის დამზადება-მოწოდებისათვის გაწეულ ხარჯებზე, უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

 

რა მოხდება, თუ წინასწარი შეკვეთა განვახორციელე, მაგრამ პროდუქციის გამოსვლის შემდეგ დადგენილი სრული ღირებულების გადახდა ვერ შევძელი? დამიბრუნდება თუ არა წინასწარ გადახდილი თანხა?

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდის პროდუქციის ღირებულების დარჩენილ ნაწილს სრულად, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.

 

პროდუქციის გამოსვლის შემდეგ როგორ, სად და როდის მივიღებ პროდუქციას?

 წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული პირობების შესაბამისად, საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან ან გადამზიდავი კომპანიის მეშვეობით მიწოდების პირობით.

 

შეუძლია თუ არა სხვას ჩემს მიერ წინასწარ შეკვეთილი მონეტ(ებ)ის მიღება  საკასო ცენტრში ან ყვარლის ფულის მუზეუმში?

 წინასწარ შეკვეთილი მონეტ(ებ)ის მიღების უფლება აქვს შემკვეთ პირს ან შემკვეთი პირის მიერ წინასწარ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შემკვეთი პირის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული  ფოსტის  მისამართიდან  წინასწარ  უნდა  ეცნობოს  ეროვნულ  ბანკს, მისამართზე info@moneymuseum.nbg.gov.ge ან შეტყობინების გაგზავნის გვერდის საშუალებით (https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=3).

 

რა არის  საჭირო  წინასწარ  შეკვეთილი  მონეტ(ებ)ის  საკასო  ცენტრიდან  ან ყვარლის  ფულის მუზეუმიდან  გასატანად?

შეკვეთილი მონეტ(ებ)ის   გასატანად საჭიროა შემკვეთმა პირმა ან მის მიერ მონეტ(ებ)ის გატანაზე უფლებამოსილმა პირმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაიხადოს მონეტ(ებ)ის ღირებულების დარჩენილი გადასახდელი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

 

როგორ ხდება მონეტების  დარჩენილი  საფასურის   გადახდა  საკასო ცენტრისა  და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში?

მონეტების დარჩენილი საფასურის  გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით ან ნებისმიერი VISA / MasterCard ტიპის პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

 

წინასწარ შეკვეთილი მონეტის ფასს, გარდა მონეტ(ებ)ის სრული ღირებულების დარჩენილი გადასახდელი თანხისა, საკასო ცენტრიდან ან ყვარლის ფულის მუზეუმიდან გატანის შემთხვევაში დაემატება თუ არა რაიმე თანხა?

 არა.

 

როგორ ვისარგებლო წინასწარ შეკვეთილი მონეტ(ებ)ის მიწოდების მომსახურებით?

შეკვეთილი მონეტ(ებ)ის  მიწოდების მომსახურებით სარგებლობისათვის, ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში „არსებული შეკვეთები“ უნდა განახორციელოთ შეკვეთის მეორე ეტაპი და დაასრულოთ შეკვეთა, რაც გულისხმობს სავალდებულოდ შესავსები ველების შევსებას და დარჩენილი თანხის (მონეტ(ებ)ის სრული ღირებულების დარჩენილი გადასახდელი თანხა, მიწოდებისა და დაზღვევის საფასური) გადახდას.

 

რომელი პლასტიკური ბარათით შემიძლია გადახდა ინტერნეტ მაღაზიაში?

ინტერნეტ მაღაზიაში, თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი VISA / MasterCard / Amex ტიპის ბარათებით.

 

წინასწარ შეკვეთილი მონეტის ფასს, გარდა მონეტ(ებ)ის სრული ღირებულების დარჩენილი გადასახდელი თანხისა, ინტერნეტ მაღაზიით შეკვეთის დასრულების   შემთხვევაში დაემატება თუ არა რაიმე თანხა?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეკვეთის დასრულების შემთხვევაში დარჩენილ გადასახდელ თანხას დაემატება მიწოდებისა   (თითოეული შეკვეთისთვის თბილისში - 7 ლარის, თბილისს გარეთ, საქართველოს მასშტაბით - 20 ლარის ოდენობით) და დაზღვევის საფასური (მონეტ(ებ)ის სრული ღირებულების 0.4%-ის ოდენობით).

 

შემიძლია თუ არა, რომ ვისარგებლო მიწოდების მომსახურებით და თანხა გადავიხადო ნაღდი ანგარიშსწორებით?

არა, რადგან მიწოდების მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეკვეთის დასრულებით ინტერნეტ მაღაზიაში, სადაც თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

 

შემიძლია თუ არა მონეტ(ებ)ის დარჩენილი გადასახდელი თანხა გადავიხადო ინტერნეტ მაღაზიაში, ხოლო პროდუქცია გავიტანო სალაროდან?

არა, მონეტ(ებ)ის სალაროდან გატანის შემთხვევაში თანხის გადახდა ხორციელდება უშუალოდ სალაროში მონეტ(ებ)ის გატანის დროს, ხოლო თანხის ინტერნეტ მაღაზიაში გადახდის შემთხვევაში, ფორმდება მიწოდების მომსახურება, ხდება მონეტ(ებ)ის შეფუთვა და გადაეცემა მხოლოდ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს.

 

რა მისამართზე მოხდება შეკვეთის მიწოდება?

შეკვეთის მიწოდება მოხდება მხოლოდ შეკვეთის მეორე ეტაპის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. შეკვეთის დასრულების შემდეგ მისამართის ცვლილება დაუშვებელია.

 

თუ  რამოდენიმე  მონეტა  მაქვს  შეკვეთილი  ცალ-ცალკე, მიწოდების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, შემიძლია თუ არა შეკვეთების გაერთიანება და ერთი შეკვეთის მიწოდების საფასურის გადახდა?

შეკვეთების გაერთიანება ვერ მოხდება, რადგან მიწოდების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თითოეული შეკვეთის დასრულება ხორციელდება ცალ-ცალკე, რაც გულისხმობს გადამზიდავი კომპანიისთვის თითოეული შეკვეთის ინდივიდუალურ გზავნილად დარეგისტრირებას.

 

რა მოხდება თუ რაიმე მიზეზით ვერ ჩავიბარე შეკვეთა გადამზიდავი კომპანიისგან დადგენილ ვადაში?

თუ მომხმარებლის მიერ, მისი მიზეზით, ვერ მოხდება შეკვეთილი პროდუქციის ჩაბარება გადამზიდავი კომპანიისაგან, ასეთ შემთხვევაში, პროდუქცია დაბრუნდება ეროვნულ ბანკში, ხოლო ამ ქმედებებით დამდგარი ან/და გამოწვეული ხარჯები - პროდუქციის მიწოდებისა და დაზღვევის საფასური დაეკისრება მომხმარებელს და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან. ხოლო, მომხმარებლის მიერ პროდუქციის გატანა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან შესაძლებელი იქნება პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში. თუ მომხმარებელი პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) არ მიაკითხავს შეკვეთილ პროდუქციას, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.

 

შესაძლებელია თუ არა დამატებითი მიმღები პირის განსაზღვრა იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვახერხებ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე ჩემს მიერ შეკვეთილი პროდუქციის ჩაბარებას?

მომხმარებლის მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში, პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელია, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ შეკვეთაში ერთდროულად შეკვეთილი მაქვს გარკვეული რაოდენობის მონეტა, მაგრამ მსურს აღნიშნულ რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის მონეტის მიღება?

ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შეკვეთაში არსებული მონეტების საერთო ღირებულების სრულად გადახდით. თუ გსურთ შეკვეთილზე ნაკლები რაოდენობის მონეტის მიღება, შემკვეთმა პირმა უნდა მიაკითხოს საკასო ცენტრს ან ყვარლის ფულის მუზეუმს და თავად გაიტანოს სალაროდან სასურველი ოდენობის პროდუქცია გასატანი მონეტების დარჩენილი ღირებულების გადახდის პირობით. ამ შემთხვევაში, დარჩენილი მონეტ(ებ)ის შეკვეთა გაუქმდება და წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება შემკვეთ პირს.

 

გარდა წინასწარ შეკვეთილი მონეტ(ებ)ისა, შემიძლია თუ არა დამატებით შევიძინო იგივე დასახელების პროდუქცია?

დიახ, შესაძლებელია.

 

თუ მაქვს განთავსებული წინასწარი შეკვეთა და მსურს, დამატებით შევიძინო იგივე დასახელების პროდუქცია, მექნება თუ არა პრიორიტეტი ან დაჯავშნის საშუალება სარეალიზაციო რაოდენობიდან მონეტ(ებ)ის შესაძენად?

არა, მონეტების თავისუფალ რეჟიმში გაყიდვის პერიოდში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს მათი შეძენის საშუალება დაჯავშნის ან პრიორიტეტის გარეშე.

 

შემიძლია წინასწარ განთავსებული შეკვეთის გაუქმება?

დიახ, მაგრამ მომხმარებლის მიერ წინასწარ განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება არ მოხდება.

 

რა მოხდება  თუ წინასწარი  შეკვეთა  განვახორციელე,  მაგრამ  მონეტების  გამოსვლის  შემდეგ დადგენილი  სრული ღირებულების  გადახდა  ვერ შევძელი,  დამიბრუნდება  წინასწარ გადახდილი თანხა?

მონეტების გამოსვლის შემდეგ, თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გაუქმდება წინასწარი შეკვეთა და წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება შემკვეთ პირს.

 

რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააუქმოს ჩემს მიერ განთავსებული წინასწარი შეკვეთა?

წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს დაუბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხა, თუ ვერ მოხერხდება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პროდუქციის გამოშვება. აღნიშნულის შემთხვევაში, გამოცემული იქნება შესაბამისი საჯარო განცხადება და მოხდება მომხმარებლის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 

როგორ მოვიქცე თუ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ მიღებული პროდუქცია დაზიანებულია?

მონეტ(ებ)ის სალაროდან გატანის შემთხვევაში მიმღები პირმა სალაროს წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა მოახდინოს მონეტ(ებ)ის ვიზუალური დათვალიერება. მონეტ(ებ)ის ვიზუალური დათვალიერება უნდა განხორციელდეს კაფსულის გაუხსნელად, მონეტასთან უშუალო ფიზიკური შეხების გარეშე. მონეტ(ებ)ის ჩაბარებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ მიმღები პირი სალაროს წარმომადგენლის მიერ გადაცემულ პროდუქციას ჩაიბარებს ვიზუალური დათვალიერების გარეშე, გადაცემის მომენტში პრეტენზიას არ გამოთქვამს მონეტ(ებ)ის დაზიანების შესახებ და მონეტ(ებ)ის მიღებას დაადასტურებს ხელმოწერით, ჩაითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ.

მიწოდების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, მიმღებმა პირმა გადამზიდავის წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა მოახდინოს მონეტ(ებ)ის ვიზუალური დათვალიერება.  მონეტ(ებ)ის  ვიზუალური  დათვალიერება  უნდა  განხორციელდეს კაფსულის გაუხსნელად, მონეტასთან უშუალო ფიზიკური შეხების გარეშე. მონეტ(ებ)ის ჩაბარებას მიმღები პირი ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე ხელმოწერით. თუ მიმღები პირი გადამზიდავის მიერ გადაცემულ პროდუქციას ჩაიბარებს ვიზუალური დათვალიერების გარეშე, გადაცემის მომენტში პრეტენზიას არ გამოთქვამს მონეტ(ებ)ის დაზიანების შესახებ და მონეტ(ებ)ის მიღებას დაადასტურებს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე ხელმოწერით, ჩაითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით.

ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მიმღები პირის მიერ მონეტ(ებ)ის მიღების ხელმოწერით დადასტურების შემდეგ, მიმღებ პირზე გადადის ნივთის ან/და მისი შეფუთვის შემთხვევითი განადგურების ან დაზიანების რისკი და პროდუქციასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ მიიღება.